ზამთრის მოახლოება როგორც კი იგრძნო, რუსეთმა დიდი საგაზო თამაშები წამოიწყო. რა თქმა უნდა, კრემლი ამ საკითხში არავის დაზოგავს, მით უმეტეს, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსეთის ეკონომიკამ სერიოზული ზარალი განიცადა.
პირველ რიგში, “გაზპრომი” ყოფილ საბჭოეთის რესპუბლიკებს დაუტრიალდება. თუკი ყველაფერმა უპრობლემოდ ჩაიარა, შემდეგი შტურმი ევროპაზე იგეგმება. ჯერჯერობით მოსკოვი ბებერ კონტინენტთან მიმართებაში არას ამბობს, რადგან მას შერყეული რეპუტაციის აღდგენა სჭირდება. რუსეთში კარგად იციან, რომ საკუთარი მხარდამჭერები არ უნდა დაზოგო, რათა სხვები უფრო დაშინდნენ. ამიტომაც, პირველი დარტყმა სომხეთმა მიიღო. 2009 წლის 1-ლი აპრილიდან სომხეთი 1000 კუბურ მეტრ რუსულ გაზში 154 აშშ დოლარს გადაიხდის, რაც ახლანდელ ფასს 40 პროცენტით აღემატება. “არმროსგაზპრომის” გენერალური დირექტორის კარენ კარაპეტიანის თქმით, 2010 წელს ფასი გაზზე თითქმის 50 აშშ დოლარით გაიზრდება და 100 კუბურ მეტრზე 200 აშშ დოლარს მიაღწევს. 2008 წლის დასაწყისში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ “გაზპრომი” სომხეთისთვის გაზის ფასის 156 აშშ დოლარამდე გაზრდას გეგმავდა, რაც მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში არ გაიზრდებოდა. კრემლი ევროპის გაღიზიანებას პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა, მოერიდება. თუმცა, ბუნებრივი აირის შესაძლო გაძვირების შესახებ პირველი გზავნილები ევროპამ ჯერ კიდევ რუსეთ-საქართველოს ომამდე მიიღო. თუკი ამ “მესიჯებით” ვიმსჯელებს, 2011 წლისათვის “გაზპრომის” ტარიფმა ევროპისათვის, შესაძლოა, 1 კუბური მეტრი გაზისათვის 500 დოლარიც კი შეადგინოს. ევროპა თანდათან უფრო და უფრო დამოკიდებული ხდება რუსულ აირზე.
|