“როიტერის” ცნობით, ჩინეთმა ინტერნეტის პორნოგრაფიული კონტენტის წინააღმდეგ მორიგი კამპანია წამოიწყო. სექსუალური შინაარსის შემცველი საიტების გარდა, ხელისუფლება, ასევე, არალეგალური ლატარეითა და სხვა სახის თაღლითობებით დაკავებულ საიტებს შეებრძოლება.”პორნოგრაფიული კონტენტის ასეთმა ბუმმა უკვე დააბინძურა კიბერსივრცე და გარყვნა უამრავი ახალგაზრდის გონება”, - განაცხადა საზოგადოებრივი უსაფრთხოების ვიცე-მინისტრმა ჯან სინფენმა აღნიშნული კამპანიის დაწყების კომენტირებისას. კიბერპოლიციის სპეციალური დანაყოფები მოახდენენ ინტერნეტ-გვერდებისა და ჩეთების პატრულირებას და დახურავენ რესურსებს, რომლებიც ”ავრცელებენ პორნოგრაფიულ მასალებს და აწყობენ ონლაინ-სტრიპტიზ-შოუებს, ასევე გაასუფთავებენ ვებს უცენზურო სურათების, ისტორიებისა და აუდიო-ვიდეო კლიპებისაგან”. საიტების მფლობელებს კი, სავარაუდოდ, სასამართლოს წინაშე მოუწევთ წარსდგომა. 2006 წლის ნოემბერში ჩინეთის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ადამიანს, რომელიც ჩინეთის ერთ-ერთი უდიდესი პორნოსაიტის შემქმნელი გახლდათ.
|