comScore Media Metrix-ის ანალიტიკური სამსახურის მონაცემების მიხედვით, ნოემბრის თვეში MySpace-ის ტრაფიკმა Yahoo-ს ანალოგიურ მაჩვენებელს მოზრდილი სხვაობით გაუსწრო. გასულ თვეს MySpace-ის გვერდები 38,7 მილიარდჯერ მოინახულეს, მაშინ, როდესაც Yahoo-ს სერვისების გვერდები 38,1 მილიარდჯერ ჩამოიტვირთა. ოქტომბრის თვესთან შედარებით MySpace-ის ტრაფიკის ზრდამ 2 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა წლის ამავე პერიოდის ნიშნულს კი 12,5 მილიარდით გადააჭარბა.დღევანდელ დღეს Myspace.com მსოფლიოში ყველაზე დიდი და პოპულარული სოციალური ქსელია, რომელიც საერთაშორისო საიტის გარდა კიდევ ექვს რეგიონალურ ვერსიას შეიცავს. ასეთი წარმომადგენლობები გახსნილია დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ირლანდიის, ავსტრალიის და ახლა უკვე იაპონიის მომხმარებელთათვის. MySpace-ის აუდიტორიის ძირითად ნაწილს მოზარდები შეადგენენ, თუმცა ამ ბოლო დროს სულ უფრო და უფრო მეტი განსხვავებული სტატუსის მქონე ადამიანი უერთდება ამ უზარმაზარ ქსელს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ Yahoo-სთვის გადასწრება სულაც არ შეიძლება ნიშნავდეს MySpace-ის მომხმარებელთა რიცხვის რეალურ ზრდას. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ Yahoo-ს მაჩვენებლის შემცირება შესაძლოა მის მიერ AJAX ტექნოლოგიის აქტიური გამოყენების შედეგიც იყოს (შეგახსენებთ, რომ ეს ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, გვერდის კონტენტი მისი თავიდან ჩატვირთვის გარეშე განახლდეს, რაც, ბუნებრივია, უარყოფითად აისახებოდა ჰიტების რაოდენობაზე). გვერდების ნახვათა რაოდენობა მხოლოდ ირიბად აღნიშნავს ამა-თუ-იმ საიტის პოპულარობას, რასაც ვერ ვიტყვით უნიკალური მომხმარებლების რიცხვზე. დათვალიერებების სტატისტიკა მეტყველებს მხოლოდ იმაზე, თუ რა დროს ატარებს ყოველი მომხმარებელი რესურსზე. MySpace-ის უნიკალური მომხმარებლების რიცხვი კი 57,2 მლნ ადამიანია, რაც არა მარტო Yahoo-ს, არამედ Fox Interactive Media ჯგუფის საიტთა მაჩვენებელზე ნაკლებიცაა.
|