ბრიტანული კვლევების მიხედვით IT-ბრენდები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანები არიან. დამოუკიდებელი ტოპ-ხუთეულში მხოლოდ ერთი სავაჭრო ნიშანი მოხვდა, რომელსაც ჰაი-ტექთან შეხება არ ჰქონია. აბსოლუტურ ლიდერად უკვე მეორედ დასახელდა საძიებო გიგანტი Google, რომელიც უკვე მეორე წელია ჯაბნის Apple Computer-ს. რეიტინგში აგრეთვე მოხვდა ორი ახალბედა - YouTube და Wikipedia. სხვა რეიტინგებისაგან განსხვავებით ბრიტანული ვებ-გამოცემა Brandchannel.com არ ითვალისწინებდა კორპორაციების ფინანსურ მაჩვენებლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში პირველობა უდავოდ Coca-cola-ს ერგებოდა. რეიტინგი გამოცემის მკითხველთა ხმების შედეგად შედგა, რომელშიც მონაწილეობა 3,6 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო 99 ქვეყნიდან. აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ კვლევაში არ ხდებოდა იმის გათვალისწინება, ბრენდის გავლენა დადებითი იყო თუ უარყოფითი. მაგალითის სახით ნახსენებია Sony. ერთი მხრივ, მისი სათამაშო კონსოლი PlayStation 3 ძალიან პოპულარულია უამრავ ქვეყანაში; მაგრამ ამავე დროს, კომპანიის იმიჯზე სერიოზული დარტყმა განახორციელა ცოტა ხნის წინ ატეხილმა სკანდალმა, ნოუთბუქების უვარგისი აკუმულატორების პარტიასთან დაკავშირებით. ასევე შეიძლება გავიხსენოთ ორი წლის წინანდელი რეიტინგი, როდესაც გავლენიანი ბრენდების ხუთეულში ტელეარხი ”ალ-ჯაზირაც” მოხვდა.გამოკითხვების მიხედვით, უკვე მეორე წელია პირველობას ინარჩუნებს Google. ისევე, როგორც შარშან, მას მოსდევს Apple Computer, პირველ რიგში iPod-ების წყალობით. მესამე და მეოთხე ადგილები, შესაბამისად, დაიკავეს სერვისმა YouTube, რომელიც გასულ წელს Google-მა 1,65 მლრდ. დოლარად შეიძინა და ინტერნეტ-ენციკლოპედიამ Wikipedia. ხუთეულის ბოლოში კი აღმოჩნდა ყავახანების ქსელი Starbucks. აღსანიშნავია, რომ აშშ-სა და კანადაში ყველაზე მეტი ხმა დაიმსახურა კომპანიამ Apple, მაშინ, როდესაც Google მესამე ადგილს დასჯერდა, YouTube-ის შემდეგ. როგორც ჩანს, ევროპასა და აფრიკაში IT-ბრენდები არცისე გავლენიანია. აქ ტოპ-ხუთეულში მოხვდა მხოლოდ VoIP-სერვისი Skype (მე-2 ადგილი) და ფინური Nokia (მე-3 ადგილი). პირველი პოზიცია კი ამ რეგიონებში შვედურმა კომპანიამ IKEA დაიკავა.
|