გასულ წელს ბლოგების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა ზრდის ტემპები ისეთი აღარ არის, როგორიც ორი-სამი წლის წინ. კომპანია Technorati-ს უკანასკნელი ანგარიშის მიხედვით, დღევანდელ დღეს ქსელში 72 მილიონი ბლოგია განთავსებული. გასულ წელს მათი რაოდენობა თითქმის ორჯერ ნაკლები - 35 მლნ. იყო; კიდევ ერთი წლით ადრე კი მხოლოდ 8 მლნ. ყოველდღიურად ინტერნეტის მომხმარებლები დაახლოებით 120 ათას ახალ ბლოგს ქმნიან.მიუხედავად ამისა, მათი რაოდენობის ზრდის ტემპები მნიშვნელოვნად შემცირდა: თუ ადრე ბლოგების რიცხვი ყოველ ნახევარ წელიწადში ერთხელ ორმაგდებოდა, დღეს გაორმაგებას (35 მლნ-დან 70 მლნ-მდე) 320 დღე დაჭირდა. Technorati-ს ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ინტერნეტ-დღიურებში ახალი ჩანაწერების რაოდენობაც შემცირებულია. ასეთი სტატისტიკა, Technorati-ს ექსპერტების აზრით, ქსელის გადავსებაზე მეტყველებს. Gartner-ის შარშანდელი პროგნოზების მიხედვით, ქსელის ამ სეგმენტის ზრდა მნიშვნელოვნად შენელდებოდა, როდესაც ბლოგების რაოდენობა 100 მილიონს მიაღწევდა. ანალიტიკოსები ამ მოვლენას ხსნიან იმით, რომ მომხმარებლების იმ ნაწილს, ვისაც სურდა ბლოგის შექმნა, უკვე შექმნა იგი და, ბუნებრივია, ახალს აღარ გახსნის. ბევრი კი არ ეთანხმება ამ მოსაზრებას და თვლის, რომ ქსელში დიდი რაოდენობის ბლოგების ახალ ტალღას უნდა ველოდოთ, ძირითადად ისეთ სწრაფად განვითარებად ქვეყნებიდან, როგორიცაა ჩინეთი.
|