აშშ-ში 82 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯონ ბეკუსი, დაპროგრამების ენა Fortran-ის შემქმნელი, იუწყება The New York Times. ბეკუსი იყო IBM-ის იმ პროგრამისტთა ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელმაც კომპიუტერების ისტორიაში პირველად შექმნეს პროგრამული კოდის სრულყოფილი კომპილატორი.ჯონ ბეკუსმა 1950 წელს მიიღო კოლუმბიის უნივერსიტეტის მათემატიკური მეცნიერებების მაგისტრის ხარისხი, რის შემდეგაც მან კომპანია IBM-ში პროგრამისტად დაიწყო მუშაობა. იგი ერთ-ერთი შემქმნელია IBM 704-ისა, იგი პირველი მეინფრეიმი იყო, რომელსაც მცურავი წერტილის შემცველი ოპერაციების შესრულება აპარატურულ დონეზე შეეძლო. Fortran, ანუ, Formula Translator 1957 წელს შეიქმნა. იგი დაპროგრამების უმაღლესი საფეხურის ერთ-ერთი პირველი ენა იყო. ჯონ ბეკუსის ჯგუფმა ამ ენის შემუშავებისას მიზნად დაისახა შეექმნა ენა, რომლის ოპერატორები და ფუნქციები მაქსიმალურად იქნებოდნენ მიახლოებულნი ენობრივ კონსტრუქციებსა და ალგებრულ გამოსახულებებთან. შეიძლება ითქვას, რომ ფორტრანი გახდა ფუძემდებელი თანამედროვე ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამების უამრავი ენებისა; ხოლო ბეკუსის მიერ 1957 წელს რეალიზებული იდეები დღემდე აქტიურად გამოიყენება.
|