Microsoft-ის ერთ-ერთი მთავარი მენეჯერი ჯეფ რეიკერსი თვლის, რომ კომპიუტერული მეკობრეობა ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში შეიძლება წაადგეს კიდეც კომპანიას. იგი ამბობს, რომ ის ხალხი, ვინც არალიცენზირებულ პროგრამულ უზრუნველყოფას რაღაც პერიოდის მანძილზე იყენებს, ძალიან ეჩვევა მას და შემდეგ უჭირს უფასო ალტერნატიულ პროგრამებზე გადასვლა. ასე რომ, როდესაც კანონმდებლობა ან სხვა ფაქტორები მას პროგრამული უზრუნველყოფის შეძენას აიძულებს, იგი შეიძენს იმას, რასაც მეკობრული პროდუქციის ხმარებისას მიეჩვია. არალიცენზირებულ პროდუქტთან ბრძოლის გაძლიერებამ თუ გამოიღო ისეთი შედეგი, რომ გატეხილი პროგრამების მოპოვება ძალიან რთული და თითქმის შეუძლებელი გახდა, მომხმარებლები, ვისაც არ აქვთ ლიცენზირებული პროგრამების ყიდვის სურვილი, თავიდანვე დაიწყებენ უფასო პროდუქტებით სარგებლობას, რაც Microsoft-ს პოტენციური კლიენტების დიდ რაოდენობას დააკარგვინებს. ”თუ მომხმარებლებს პროგრამული უზრუნველყოფის მოპარვა სურთ, მოგვპარონ ჩვენ და არა სხვას!” - განაცხადა რეიკერსმა InformationWeek-თან საუბრისას. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ Microsoft შეწყვეტს მეკობრეებთან ბრძოლას და საკუთარი პროდუქტების დაცვას. უბრალოდ, იგი შეეცდება მოძებნოს ბალანსი არალიცენზირებული პროდუქტების მომხმარებლებთან ბრძოლასა და იმის გაცნობიერებას შორის, რომ მათი რაღაც ნაწილი, ადრე თუ გვიან , ლიცენზირებულ პროგრამებზე გადავა.
|